ეროვნული თავდაცვის აკადემია 106 წლისაა
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 106 წლისაა. იუბილესთან დაკავშირებით, ბაკალავრიატის მეთერთმეტე და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მეოცე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების მეთაური დაესწრნენ. მათ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს. სიტყვით გამოსვლების შემდეგ, კურსდამთავრებულებისა და აკადემიის პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა და აკადემიის რექტორმა „საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი“ გახსნეს. შემეცნებით სივრცეში წარმოდგენილ ექსპონატებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოსს, რომლის აღდგენა თავდაცვის სამინისტროსა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ასევე ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით განხორციელდა. წელს, ბაკალავრიატი 76-მა იუნკერმა, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსი კი, 42-მა მსმენელმა დაასრულა.