„ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა“

სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა და ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ თანამშრომლობით, „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ დეკლარაციის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, აღნიშნული პროექტის მიზანია, საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირების ხელშეწყობა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა, თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებში, ხოლო შემდეგ ეტაპზე ფართო საზოგადოებაში. დღევანდელ ბრიფინგზე ითქვა, რომ პროექტი იძლევა შესაძლებლობას, საზოგადოებაში შემცირდეს პოლარიზაციის დონე და დაპირისპირებულმა მხარეებმა მოძებნონ ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო საერთო ხედვა და რესურსი. ასევე, პლატფორმის დამფუძნებლების ინფორმაციით, პროექტის განხორციელებით იქმნება მრავალმხრივი თანამშრომლობის პირველი პრეცედენტი, სადაც განსხვავებული აზრის მქონე მხარეებს თანამშრომლობისთვის საჭირო მყარი საფუძველი ეძლევათ. ამასთან, „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის განცხადებით, აღნიშნული პროექტი და წამოწყება არ არის პარტიულ-პოლიტიკური კუთვნილება.

პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.