ეროვნული სამოსის საარქივო კოლექციების რესტავრაცია 

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნული მუზეუმისა და პროექტ Georgian Infusion-ის თანამშრომლობით, თბილისს კონსერვაცია-რესტავრაციის დარგის ფრანგი სპეციალისტები ეწვივნენ. ისინი გაეცნობიან ეროვნული სამოსის არქივების კოლექციებს, ჩაატარებენ დეტალურ ინვენტარიზაციას და შეიმუშავებენ დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციისთვის აუცილებელ ტექნიკურ და კვლევით გეგმებს. პროექტის პირველ ეტაპზე განისაზღვრება ეროვნული სამოსის ნაწილებისა და ელემენტების დაზიანების ხარისხი. მომდევნო ეტაპზე მოხდება სამოსის რესტავრაცია, რის შემდეგაც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მოეწყობა მუდმივმოქმედი გამოფენა. ეროვნულ მუზეუმში ფრანგი და ქართველი ექსპერტების მიერ ექსპონატების დაზიანების ხარისხის განსაზღვრისა და შეფასების პროცესს საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გაეცნო.