ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა

საქართველოს ეროვნული გმირის, კაპრალ ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა. თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების სამხედროებმა ოზურგეთში, ომში დაღუპულთა სახელობის პარკში გმირი მებრძოლის საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

ზაზა დამენია საქართველოს თავდაცვის ძალებში 1992 წლიდან მსახურობდა. 2004 წლის 16 აგვისტოს ზაზა დამენიამ, საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა. კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და თანამებრძოლები გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა. ორი დღით ადრე დამენიას ჭურვის აფეთქების შედეგად მხედველობა დაუქვეითდა, თუმცა კაპრალმა უარი განაცხადა პოზიციის დატოვებაზე და ბრძოლის ველზე დარჩა.

სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, 2004 წლის 24 აგვისტოს, მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.