ეროვნული გამოცდებისთვის მერია ავტობუსების ხუთ მარშრუტს აამოქმედებს

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის თბილისის მერია ავტობუსების ხუთ მარშრუტს აამოქმედებს. პირველი ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, დილის 6 საათიდან 20 საათამდე ხუთი სპეციალური დროებითი მარშრუტი იმოქმედებს.

ავტობუსები საგამოცდო დღეებში იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით – 50 თეთრად მოემსახურებიან. აღნიშნული მარშრუტებია: მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ – 175-ე საჯარო სკოლამდე. მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ – 39-ე, N173-ე და N177-ე საჯარო სკოლებამდე. მეტროსადგური „ვარკეთილიდან“ ავტობუსები N117-ე საჯარო სკოლამდე იმოძრავებენ. მეტროსადგური „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან N103-ე საჯარო სკოლამდე და მეტროსადგურ „დიდუბედან“ N147-ე საჯარო სკოლამდე.