"ეროვნული ბანკის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა “ეროვნული ბანკის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განუცხადა, მთავრობამ არასაჯარო ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებული შენიშვნები გაითვალისწინა, რომლის მიხედვით, კომერციულ ბანკებს გარკვეული ვალდებულებები ექნებათ, ხოლო ეროვნულ ბანკს უფლება ექნება, აღნიშნული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სანქციები გამოიყენოს.

„ვალდებულებები ეროვნული ბანკის მიერ კანონქვემდებარე აქტის გამოცემის შემდეგ დადგინდება. რაც შეეხება კომერციული ბანკების მიერ არაპროფილურ საქმიანობაზე დაკავშირებულ დებულებებს, კანონპროექტში ეს იმ სახითაა წარმოდგენილი, როგორც თავიდან იყო. ეს ნორმა იმას გულისხმობს, რომ ეროვნული ბანკი ფინანსურ სექტორზე ზედამხედველობას იმ დადგენილი წესით განახორციელებს, როგორც კანონპროექტით იქნა წარმოდგენილი“, – განაცხადა თადუმაძემ.

აღნიშნულ ცვლილებებთან მიმართებაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კრიტიკული განცხადებები გააკეთეს და მთავრობას შენიშვნების გაზიარება ურჩიეს.