ეროვნული ბანკის შესახებ კანონი 

ეროვნული ბანკის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება.

ვეტოდაძლეული კანონი უკვე ხელმოწერილი და ძალაშია, რაც ნიშნავს, რომ სებ-ის პრეზიდენტს ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება. პრეზიდენტის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს, რომის კანდიდატურას ეროვნული ბანკის საბჭოდან საბჭოს მინიმუმ ორი წევრი წარადგენს და დაამტკიცებს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილთან უთანხმოების ფონზე მმართველი გუნდი პირველ ვიცე-პრეზიდენტად და შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მისთვის სასურველ კანდიდატს ამზადებს. მას შემდეგ, რაც საბჭოს წევრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრის კანდიდატურის წარდგენაზე პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ უარი უთხრა, სალომე ზურაბიშვილმა ორი ახალი კანდიდატი წარმოადგინა. კონსულტაციების არ გავლის არგუმენტით მმართველი პარტია მათ მხარდაჭერას არ აპირებს, კანდიდატურებს იწუნებენ ოპოზიციაშიც.