9-საათიანი მოსმენა საკმარისი არ აღმოჩნდა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოში კიდევ ერთხელ, სავარაუდოდ, 16 აპრილს ელოდებიან. გუშინ კი კობა გვენეტაძემ დეპუტატებს, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით, ცენტრალური ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც მოსალოდნელი იყო, გვენეტაძის მიმართ დასმული კითხვები ძირითადად „თიბისი ბანკს“ ეხებოდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კომერციული ბანკის დამფუძნებლების მიმართ გატარებულ ზომებს ადეკვატურად მიიჩნევს. კობა გვენეტაძეს მწვავე პოზიციის მოსმენა მოუხდა იანვრიდან გამკაცრებულ საბანკო რეგულაციებზეც.
ოპონენტებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჰკითხეს, შემსუბუქდება თუ არა რეგულაციები, რომელმაც, მათივე მტკიცებით, განსაკუთრებით თვითდასაქმებულ ოჯახებს, სამშენებლო სექტორსა და ტექნიკის მაღაზიებს პრობლემები შეუქმნა. გვენეტაძე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის გადახედვის საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა მცირე კორექტივებს არ გამორიცხავს.