ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად – 11.0 პროცენტზე ტოვებს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზს კი 9 პროცენტამდე ზრდის. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბოლო პერიოდის გლობალურ გამოწვევად კვლავ მაღალი ინფლაცია და ინფლაციური რისკები რჩება. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მსოფლიო ბაზრებზე საკვები პროდუქტები, ნედლეული და ენერგორესურსები მნიშვნელოვნად გაძვირდა.

ქვეყნის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება იქამდე, სანამ ინფლაციაზე მოლოდინები არ შემცირდება. თუ ინფლაციური მოლოდინი გაიზარდა, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა 14 სექტემბერს ჩატარდება. ასევე, ეროვნული ბანკის კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ვადა, ოთხიდან სამ წლამდე მცირდება.