ეროვნული ბანკის მართვის წესები იცვლება

15:09, 13.10.2026

„ეროვნული ბანკის შესახებ“კანონთან დაკავშირებით მომზადებულ პროექტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებებს დღევანდელ სესიაზე დეპუტატებმა პირველი მოსმენით კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს. ეროვნული ბანკის მართვის წესები, საბჭოს წევრობის კრიტერიუმები და ციფრულ ლართან დაკავშირებული უფლებამოსილებები იცვლება. ცვლილებების მიზანი ეროვნული ბანკის მართვის სისტემის გაუმჯობესება, პასუხისმგებლობების უფრო მკაფიოდ განაწილება და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინებაა. ერთ-ერთი მთავარი სიახლე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის მინიმუმ 10-წლიანი სამუშაო გამოცდილების მოთხოვნაა. კანდიდატს შესაბამისი გამოცდილება ეკონომიკის, ფინანსების, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან სხვა შესაბამის სფეროში უნდა ჰქონდეს. ამასთან, ეკონომიკისა და ფინანსების მიღმა სხვა დარგის სპეციალისტების რაოდენობა საბჭოში ორს არ უნდა აღემატებოდეს. ახალი მოთხოვნები მოქმედ წევრებს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არ შეეხება. ამჟამად საბჭო ცხრა წევრისგან შედგება, მათ შორის არიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი.

მსგავსი