ინფლაცია, ეკონომიკური ზრდა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საერთაშორისო სანქციები – ეს ის ძირითადი თემებია, რაზეც დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა. არჩილ მესტვირიშვილმა დეპუტატებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიში გააცნო. მისი განცხადებით, გასული წლიდან მოყოლებული, ინფლაციას შემცირების ტრენდი აქვს. ცენტრალური ბანკის ამ ეტაპზე არსებული პროგნოზით, მიმდინარე წელს ქვეყანაში ინფლაცია მიზნობრივ, სამპროცენტიან მაჩვენებელზე დაბლა დაფიქსირდება.
რაც შეეხება სანქციებს, მესტვირიშვილის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ევროპამ, ამერიკამ და ბრიტანეთმა რუსეთსა და ბელორუსს სანქციები დაუწესა, სანქციების გვერდის ავლის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ქართულ საფინანსო სექტორში.