ეროკავშირის ანგარიში – გამოხმაურება

15:13, 12.08.2026

ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი. ერთ-ერთ თავში ნათქვამია, რომ „ადამიანის უფლებები მნიშვნელოვნად შეიზღუდა რეპრესიული ღონისძიებებისა და ისეთი კანონების მიღების შედეგად, რომლებიც არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპებს, გამოხატვის, შეკრებისა და ასოციაციის თავისუფლებას, ასევე პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებებს“. ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, „საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვანი უკუსვლით ხასიათდებოდა“. ანგარიშში ვკითხულობთ: „2025 წელს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საპროტესტო აქციების მონაწილეების არასათანადო მოპყრობა ფართოდ იყო გავრცელებული და ზოგიერთ შემთხვევაში წამებისა ან არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობას ტოლფასი იყო“. „დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. გამოიკვეთა წინასწარი პატიმრობის გადაჭარბებული გამოყენება და მომიტინგეებისა და ჟურნალისტებისთვის არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების დაკისრება. ხაზგასმულია რომ ახალმა კანონმდებლობამ, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონმა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ საკანონმდებლო პაკეტმა უარყოფითად იმოქმედა გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობაზე. პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხე შეექმნა, რადგან მმართველი პარტია რამდენიმე ოპოზიციური პარტიის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალვას ითხოვს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანამ არ გაიზიარა ევროკავშირის მოთხოვნები და საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება იმ მოლოდინებს, რომლებიც ევროკავშირს კანდიდატი ქვეყნის მიმართ აქვს.

ევროკავშირი ასევე აგრძელებდა საქართველოს მიერ ვიზების ლიბერალიზაციისთვის განსაზღვრული კრიტერიუმების შესრულების შეფასებას. განიხილავს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც დიპლომატიურ, სამსახურებრივ ან ოფიციალურ პასპორტებს ფლობენ. აქცენტია გაკეთებული, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა, ფაქტობრივად, გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინა პროცესის შეჩერება. 2025 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი არ ყოფილა, რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელებით იყო განპირობებული. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობა ზოგადად ისევ შენარჩუნებულია, საქართველომ მხარი არ დაუჭირა ზოგიერთ საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივას.

მსგავსი