ერგნეთის შეხვედრა ჩაიშალა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ოფიციალური თბილისის ყველა კითხვა უპასუხოდ დატოვა. ერგნეთის შეხვედრა ჩაიშალა. არაღიარებული რეჟიმის წარმომადგენლებმა, მოლაპარაკების ადგილი მუქარისშემცველი განცხადებით დატოვეს. სიტუაციის გამწვავების მიზეზი, ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები გახდა, სადაც გუშინ, რუსეთის საოკუპაციო ძალები, სამხედრო ტექნიკით პატრულირებდნენ. პროვოკაციულ ქმედებას ოფიციალური თბილისი პოლიციის საგუშაგოს მოწყობას უკავშირებს.

ბლოკ-პოსტი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შენდება. სამხედროების გადაადგილებაზე განმარტებების გაკეთების ნაცვლად, დე-ფაქტო რეჟიმმა დღეს ულტიმატუმის ენით საუბარი არჩია. თბილისიდან ჩასულ დელეგაციას, სოფელ გუგუტიანკარში აღმართულ ხელოვნურ ბარიერებზე და გახშირებულ გატაცებებზეც სურდა საუბარი, თუმცა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, პირველივე თემაზე დაფიქსირებული მწვავე პროტესტის გამო, სხვა საკითხების განხილვა ვეღარ მოხერხდა.