ერევანში ქართული კულტურის დღეები დასრულდა. დასკვნით ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ერისიონის“ შოუ-პროგრამით – „ქართული საგანძური“ წარდგა. გალა კონცერტი კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში გაიმართა. დარბაზის ფოიეში ასევე გამოიფინა ეროვნული სამოსი და სამკაული. საქართველოს კულტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებითა და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული კულტურის დღეები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.