ერევანში ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტი ჩატარდა

ერევანში ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის რიგით მე-17 სამიტი ჩატარდა, რომლის მონაწილე წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს „რეზოლუციას ფრანკოფონიურ სივრცეში კრიზისული სიტუაციების, კრიზისის დაღწევისა და მშვიდობის კონსოლიდაციის თაობაზე“.

კრიზისისა და კონფლიქტის შემცველ სახელმწიფოებს შორის, რეზოლუცია საქართველოში კონფლიქტს ეხება. კერძოდ, წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერა; ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა გამოხატეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერა და ხაზი გაუსვეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების აუცილებლობას.

სამიტს 84 წევრი, ასოცირებული და დამკვირვებელი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრო.