ერევანში საპროტესტო აქციები დილიდან განახლდა

ერევანში დილიდან განახლდა საპროტესტო აქციები. ახალი მთავრობით და მისი ლიდერით უკმაყოფილო მოსახლეობა რამდენიმე ჯგუფად დედაქალაქის ქუჩებში გადაადგილდება, თუმცა მსვლელობა ინციდენტების გარეშე, მშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობს, განსხვავებით გუშინდელი დღისგან, რა დროსაც ათობით ადამიანი დააკავეს.

ბოლო 9 დღის განმავლობაში სომეხმა სამართალდამცველებმა აქციის 230-მდე მონაწილე დააკავა. გარეთ გამოსული მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლაა. ისინი ყოფილ პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს კორუფციაში და უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

დღეს საღამოს, 19:00 საათზე აქციის მონაწილეები  საპროტესტო აქციის ხელმძღვანელთან, ფრაქცია ელქის ლიდერთან, ნიკოლ ფაშინიანთან ერთად კვლავ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან  და თავიანთ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გაახმოვანებენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის მთავრობამ დემონსტრანტებსა და აქციების ორგანიზატორებს დიალოგისკენ მოუწოდა.