საქართველოში არაბულ ინვესტიციებზე პოლიტიკური ბრალდებები არ წყდება. როგორც „ლელოში“ აცხადებენ, EMAAR ჯგუფთან გაფორმებული ხელშეკრულება უნდა გასაჯაროვდეს და საზოგადოებამ გაიგოს, რეალურად რა მოგებას და სარგებელს მიიღებს ქვეყანა. მმართველი გუნდისთვის კი კითხვის ნიშნები და ბრალდებები უსაფუძვლოა. მათივე თქმით, მამუკა ხაზარაძე ყალბ პროპაგანდას და ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მსხვილი ინვესტიციით იქნება ეკონომიკური ზრდა და მეტი სამუშაო ადგილი. შეგახსენებთ, გუშინ მამუკა ხაზარაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ წინააღმდეგია საქართველოში ორი ანკლავი გაშენდეს. მისივე თქმით, კრწანისის ტყე-პარკსა და გონიოში არაბების მიერ ქალაქების აშენება ეწინააღმდეგება ქართულ ეროვნულ ინტერესებს.