ექსპონატების გადატანა ხელოვნების მუზეუმიდან

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდიდან ექსპონატების გადატანა დაიწყო. კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მუზეუმის ავარიული შენობის დაცლა ოქტომბრამდე გაგრძელდება და ექსპონატები სხვადასხვა სივრცეში გადანაწილდება. ხელოვნების მუზეუმიდან 11 ექსპონატი უკვე გადატანილია სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის სპეციალურად მოწყობილ სივრცეში. „ანჩისხატის“ დაბრუნების პროექტის საინიციატივო ჯგუფის წევრები ექსპონატების მუზეუმიდან ევაკუაციას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, სიძველეების გადატანა წესების დაცვით და გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს. საინიციატივო ჯგუფის წევრები დღეიდან ხატის დასაცავად მუზეუმთან პერმანენტულ მორიგეობას და აქციებს აანონსებენ.

განსხვავებული პოზიცია აქვს საქართველოს საპატრიარქოს. სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ის სფეროს სპეციალისტებს ენდობა და სიწმინდისთვის აუცილებელი სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად, ერთი მუზეუმიდან მეორედი გადატანას მხოლოდ მიესალმება.