ექსპერტიზამ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი დაადგინა, გარდაცვლილის ოჯახი TOYOTA CAMRY-ში მჯდომი ექვსივე პირისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს - ექსპერტიზის დასკვნა და საქმის ახალი კვალიფიკაცია

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი „ტოიოტა ქამრიში“ მჯდომი ექვსივე პირისთვის ბრალის დამძიმებას მოითხოვს.

ექსპერტიზის დასკვნის დადების შემდეგ ბუნდოვანებით მოცულ საქმეს ახალი კვალიფიკაცია ეძლევა და დღეიდან ძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით გარდაიცვალა, წყალში დახრჩობამდე კი სხეულზე ბლაგვი საგნით არაერთი დაზიანება მიიღო. მძიმედ წასაკითხმა დასკვნამ, სპორტსმენის ოჯახს შაქარაშვილის ცემის და წყალში გადაგდების ვერსია გაუმყარა.

19 წლის ფეხბურთელის საქმის გამოძიების  ვადის ამოწურვამდე ორი კვირა რჩება. სწორედ ამ პერიოდში უნდა გაირკვეს დაუმძიმდება თუ არა ბრალი 17 დაკავებულს და მისცემენ თუ არა კიდევ ვინმეს პასუხისგებაში. რეზონანსულ საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, ჯერ კიდევ უცნობია, რატომ იდო შაქარაშვილის ჩანთა მდინარესთან ხიდის საყრდენ სვეტზე და რატომ  არ დაიწყეს მეგობრებმა გაუჩინარებული შაქარაშვილის ძებნა. ძიების ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ექსპერტიზა. არ არის გამორიცხული ისიც, რომ საქმის მონაწილეები თავიდან დაკითხონ.