ექიმების პროტესტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში

რესპუბლიკური საავადმყოფოს გარშემო ვნებათაღელვა მატულობს.

კლინიკის მედ-პერსონალმა საპროტესტო აქციები დაიწყო. საავადმყოფოს თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით არსებული შენობის ნაწილი უნდა დაინგრეს და მის ახლოს ახალი კლინიკა აშენდეს. ხელმძღვანელობა თანამშრომლებს პირობას აძლევს, რომ სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე ყველა მათგანს სამუშაო ადგილი და ხელფასი შეუნარჩუნდება. თუმცა, ამ დაპირების არ სჯერათ ადრესატებს, რომლებიც დემონტაჟის ნაცვლად შენობის ეტაპობრივ რეაბილიტაციას და პარალელურად მკურნალობის პროცესის გაგრძელებას მოითხოვენ. უკვე შეიქმნა 30 ექიმით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტს უნდობლობას უცხადებს და პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. ქალაქის ერთ-ერთი მთავარი საავადმყოფო 1973 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ადგილზე სარემონტო სამუშაოები რამდენჯერმე ჩატარდა, თუმცა ჯანდაცვის უწყება ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში მორიგი სარეაბილიტაციო სამუშაოების აზრს ვეღარ ხედავს.