რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ, რესპუბლიკურ საავადმყოფოს თანამშრომლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობას შორის პირველი შეხვედრა შედგა. ექიმების ინფორმაციით, კლინიკაში დღეს დილით მოულოდნელად მივიდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, თამარ გაბუნია და ილია ღუდუშაური, კლინიკის დირექტორი ზაზა ავალიანი და სამედიცინო ჰოლდინგის თავმჯდომარე ვლადიმერ შელია. მათ შენობა ისე დატოვეს, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ექიმების განცხადებით, მათი მხრიდან კრიტიკული კითხვები დაისვა და მოთხოვნები გაჟღერდა, თუმცა კონკრეტული შედეგი ჯერ-ჯერობით არ დამდგარა. მათივე ინფორმაციით, სამინისტროსგან მიიღეს დაპირება, რომ შეხვედრები გაგრძელდება.