EQAR-ის წევრობის შეჩერება - უნივერსიტეტების პოზიცია

თემა, რომელმაც ბოლო დღეებში საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა და აჟიოტაჟი გამოიწვია. კარგავს თუ არა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპულ აღიარებას – კითხვა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საქართველომ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის წევრობა დაკარგა, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ასოციაციაში რეგისტრაციის შესანარჩუნებლად კი გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრა და მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. საქართველო ორივე ევროპულ საგანმანათლებლო სტრუქტურაში 2019 წელს გაწევრიანდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების აღიარება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ავტომატურად ხდებოდა, ქართული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია კი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში იყო. წევრობის შეჩერების შემდეგ კი ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში დამატებითი დოკუმენტების წარდგენა იქნება საჭირო. რეესტრიდან გარიცხვის ერთ-ერთ მიზეზად განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ეჭვები სახელდება. როგორ აპირებს ქართული მხარე შეჩერებული წევრობის აღდგენას – საკუთარი გეგმა ცენტრმა უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებს გააცნო.