ისევ გამოხმაურებების თემაა „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ ევროკომისიისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც საქართველოსთვის სანქციების ამოქმედების აუცილებლობაზეა საუბარი. წერილი „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. წერილის ავტორები ამტკიცებენ, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
„სახალხო პარტიის წევრები“ არაპირდაპირ მარშრუტებსა და რუსეთიდან შემოსავლების ზრდაზე საუბრობენ. იმის გათვალისწინებით, რომ სანქციებს ევროკავშირის ყველა წევრის ერთსულოვანი მხარდაჭერა არ აქვს, „ევროპის სახალხო პარტია“ მოითხოვს, ოფიციალური თბილისის მიმართ ბრიუსელმა ისეთი ზომები აამოქმედოს, რომლებიც კონსენსუსს არ მოითხოვს – იგულისხმება მიზნობრივი სავიზო შეზღუდვებიც.
მმართველი გუნდი „ქართული ოცნების“ მწვავე კრიტიკით გამორჩეული პარტიის წევრებს იმ სტატისტიკაზე მიუთითებს, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნების რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებსა და იმპორტის მაჩვენებლებს აღწერს.