ეპიდვითარება და ვაქცინაციის მაჩვენებელი 

ეპიდემიოლოგიური ვითარება ყოველდღე უარესდება.

სააღმზრდელო და სასწავლო პროცესის განახლებიდან მეხუთე დღეს მარტო თბილისში კორონავირუსის შემთხვევების გამო 30-მდე საბავშვო ბაღი დაიხურა. ბავშვების ინფიცირების გამო ონლაინ-რეჟიმზე გადავიდა არაერთი კლასი. ინფიცირებულთა დღევანდელმა რაოდენობამ 2 700-ს მიაღწია, რაც წინა კვირების მაჩვენებლებს მკვეთრად აღემატება. მარტო ბოლო ერთ კვირაში აქტიური შემთხვევების რაოდენობა 5 000-ით არის გაზრდილი. ამ ფონზე სულ უფრო იკლებს ვაქცინაციაზე მიმართვის მაჩვენებელი. მობილური ჯგუფები სოფლებში, ფინანსური წახალისება ოჯახის ექიმებისთვის და იმუნიზაციის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართვა – სახელმწიფო მეხუთე ტალღის სიმძიმის პრევენციას ვაქცინაციის დაჩქარებით ცდილობს. ექიმების აქტიური მოწოდებების მიუხედავად, საკოორდინაციო საბჭო რამდენიმე სფეროსთვის აცრის სავალდებულო წესის დანერგვას არ ჩქარობს.