ეპიდემიური ვითარება სკოლებში

ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში ვირუსის მართვაზე კონტროლი მაქსიმალურად მკაცრად მიმდინარეობს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლები ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 125-მა მასწავლებელმა გამოთქვა. ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 2,7%-ს და მოსწავლეების 0,9%-ს დაუდასტურდა. ამ დროისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%. სამინისტრო კვლავ აძლევს მოსწავლეთა მშობლებს საშუალებას, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ვირუსის თავიდან ასაცილებლად, სკოლები სრულად უზრუნველყოფილია როგორც შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, ასევე პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ინტენსიურად მიმდინარეობს „კოვიდ-19“-ზე მასწავლებელთა ტესტირება. უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სკოლების მონიტორინგი “, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.