ეპიდემიოლოგიური ვითარება სკოლებში

სასკოლო სივრცეში სწავლის განახლებასთან ერთად, მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს – ამ დროისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, უწყების მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის ექიმი გადაამზადეს და ისინი უზრუნველყოფენ თანამშრომელთა ტესტირებას, ხოლო იმ სკოლებში, სადაც მედიკოსები ჯერ არ გადამზადებულან, ტესტირების პროცესი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაგრძელდება. სკოლებში უსაფრთხო გარემოს მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ორჯერადად აცრილი ან კოვიდგადატანილი პედაგოგები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ „პისიარ“ ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი, ანტიგენ-ტესტით.