ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

დასტაბილურების ნიშნები კოვიდსტატისტიკაში. მესამე დღეა, ინფიცირებულთა რაოდენობა მცირედით, მაგრამ იკლებს. დღეს, გუშინდელთან შედარებით 93-ით ნაკლები ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 731 შეადგინა. მცირდება დედაქალაქის მონაცემებიც. თუმცა მაჩვენებლების მკვეთრი მატებაა ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა გამოჯანმრთელებულთა საგრძნობლად გაზრდილი რიცხვი, რომელმაც დღეს 2 000-ს გადააჭარბა. ამ მომენტისთვის თავისუფალია 213 საწოლი. კოვიდკლინიკებში თავისუფალი ადგილების სიმცირე, ოჯახის ექიმთან კომუნიკაცია და სასწრაფო დახმარების დაგვიანებული რეაგირება ის მთავარი პრობლემებია, რომლებიც ინფიცირებულ ან იზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს ახლა ყველაზე მეტად აწუხებთ.

სულ 1800-ზე  მეტი ინფიცირებული ექიმის ფონზე ცნობილი ხდება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სადაზღვევო სექტორის რესურსის მობილიზებას ახდენს. უკვე ძალაში შევიდა დადგენილება,  რომელიც კომპანიებს ავალდებულებს დაზღვეულებს მათი ოჯახის ექიმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. მკაცრდება კლინიკებს გარეთ მყოფი პაციენტების მკურნალობის  კონტროლიც.  დაგეგმილია ონლაინ კლინიკის ამოქმედება,  რომელმაც კოვიდ-19-ის შემთხვევების ბინაზე მართვის პროცესის მონიტორინგი უნდა მოახდინოს.