ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ეპიდემიოლოგიური სურათის გაუმჯობესება ჯერ ვერ ხერხდება.

მესამე დღეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი 150-ს სცდება. გუშინდელი მცირედი კლებისგან გასხვავებით, დღევანდელმა მონაცემმა წინა დღის რიცხვს გადააჭარბა და 165 შეადგინა. ყველაზე მაღალი რისკის ზონა აჭარაა, სადაც მარტო დღეს 109 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. გაიზარდა ქუთაისის 32-ე სკოლის კლასტერიც. საყურადღებო ვითარებაა ასევე ჩოხატაურის ორ და ახმეტის რაიონის ერთ სოფელში, რის გამოც იქ, ცაგერის სოფლების მსგავსად, გარკვეული შეზღუდვები წესდება. ახმეტის სოფელში გამოვლენილი ფაქტები გორში წინა კვირას გამართულ ქორწილს უკავშირდება, რომელმაც კიდევ ერთი კლასტერი გორის ერთ-ერთ სოფელში გააჩინა.

ინფიცირებულთა რაოდენობის სამნიშნა მატების  მიუხედავად ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება. მთავრობა გადაწყვეტილებას  ეკონომიკაზე მოსალოდნელი უარყოფითი გავლენით ხსნის. „კოვიდ-19“-თან ბრძოლის მთავარ წინაპირობად კი სპეციალისტები ისევ პირბადის ტარებას და სოციალური დისტანციის დაცვას ასახელებენ. სწორედ რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული, მოახერხებს თუ არა საქართველო კორონავირუსის შეკავების, შემდეგ კი ინფექციის მართვის ეტაპის წარმატებით გადალახვას.