ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ბოლო ორი კვირაა ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების ნიშნები შეიმჩნევა, რაც სპეციალისტების განმარტებით, „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამის ცირკულირებასთან ერთად, აქტიური ტურისტული სეზონით არის გამოწვეული. როგორც ინფექციური კლინიკის მიმღები განყოფილების უფროსი, მაია ზალდასტანიშვილი აცხადებს, შემთხვევების მატებასთან ერთად, გაიზარდა კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობაც, პაციენტებს შორის ძირითადად ქრონიკული დაავადების მქონე ასაკოვანი პირები არიან. იმისთვის, რომ შემოდგომაზე წინა წლების მსგავსად ეპიდვითარების გაუარესება არ მოხდეს, სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ გაატარონ პრევენციული ღონისძიებები – დახურულ სივრცეში ატარონ პირბადე, მოერიდონ ხალხმრავლობას და აიცრან ვაქცინის ბუსტერ დოზით.