ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში 

ბოლო ექვს დღეში კორონავირუსმა 117 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ინფექციის სწრაფ გავრცელებასთან ერთად სულ უფრო იზრდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი. მესამე ტალღის პიკის მოლოდინში დღიური ციფრები საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება. დღევანდელ თითქმის 2 000-მდე ახალ შემთხვევას შორის ყველაზე მეტი ინფიცირებული თბილისზე და აჭარაზე მოდის, წითელ ზონებს შორისაა სამეგრელოს რეგიონიც. ახლა მთელი ყურადღება მეორე ტალღის მძიმე სურათის თავიდან აცილებაზე, ანუ ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთულობის პრევენციაზე და ნახტომისებური მატების თავიდან აცილებაზეა გადატანილი. ყოველდღიურად იზრდება იმ კლინიკების ჩამონათვალი, რომლებსაც კოვიდ-ინფიცირებულთა მიღება და მკურნალობა ევალებათ. დაკავებული საწოლების რაოდენობა უკვე 4 000-ს გადასცდა. დაავადების გავრცელების სისწრაფის შეკავებას რეგულაციების მკაცრი კონტროლით ცდილობენ, თუმცა ფაქტია, რომ აპრილიდან მკვეთრად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურება ვერ ხერხდება. კლების ნაცვლად ინფიცირების დღიური მონაცემები მატულობს.