ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ხვალიდან 12 მაისის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეებია გამოცხადებული. არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და 5 მაისამდე აკრძალულია საფლავებზე გასვლა. მიზანი ეპიდ-სიტუაციის სტაბილიზაციაა, რომელიც ბოლო მონაცემებით საგანგაშოდ მძიმეა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი უკვე ორი დღეა 7 %-მდეა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ვითარებას სწრაფი გავრცელების უნარით გამორჩეული ბრიტანული შტამი კიდევ უფრო ართულებს. გაზრდილია ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვაც, სადაც 4000-ზე მეტი კოვიდ-პაციენტი მკურნალობს. ეპიდემიოლოგები ახლა იმედს „სინოფარმით“ ვაქცინაციის დაწყებაზე ამყარებენ, რომელმაც მათი პროგნოზით ვაქცინაციის ტემპები სამჯერ უნდა გაზარდოს. ჩინური პრეპარატით მოქალაქეების აცრა საქართველოში ხვალიდან დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია „სინოფარმს“ ჯერ არ მიუღია, მასზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. აცრის მსურველთა რაოდენობით თბილისი ლიდერობს, რეგიონებში კი ისევ დაბალი აქტივობა ნარჩუნდება. მსოფლიოში „სინოფარმით“ უკვე ას მილიონამდე ადამიანია აცრილი.