ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში 

საქართველოში მესამე ტალღის დაწყების საფრთხე ყოველდღე იზრდება.

გუშინდელთან შედარებით, კორონავირუსი 200-ით ნაკლებ ადამიანს დაუდასტურდა, თუმცა ბოლო თვეებთან შედარებით მაჩვენებლები მაინც საკმაოდ მაღალია. წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება აქტიურად განიხილება. ყველაზე რისკის შემცველად ეპიდემიოლოგები თავყრილობებს და დიდ სუფრებს მიიჩნევენ. სწორედ ასეთ შეკრებებს უკავშირდება საქართველოში გაჩენილი 10 საკმაოდ დიდი კლასტერი, რომელიც ახლა ქვეყანას „კოვიდ-19“-ის საყოველთაო და უკონტროლო გავრცელებით ემუქრება. დღეს გაჩნდა დეპუტატების კლასტერიც – პრემიერ-მინისტრის შემდეგ ვირუსი დაუდასტურდათ მამუკა მდინარაძეს, ბექა დავითულიანს და მაია მენაღარიშვილს. რეგულაციების მკაცრად დაცვასთან ერთად მესამე ტალღის თავიდან აცილების მთავარ იარაღად ვაქცინაცია სახელდება, რომლის ტემპები საკმაოდ დაბალია. იმის გასარკვევად, თუ რამდენ ადამიანს სურს ქვეყანაში აცრა, მალე სპეციალური ვებ-პორტალის ამოქმედება იგეგმება. პარალელურად ფართოვდება ვაქცინაციის სამიზნე ჯგუფების ჩამონათვალი.