ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების არსებული ტენდენცია ნარჩუნდება. 15 ათასზე მეტი ჩატარებული ტესტიდან, დღეს 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი ორ პროცენტს აჭარბებს, რაც, სპეციალისტების თქმით, იმას ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების რისკი იზრდება.  ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს ჯამში 3 811 პირი ემსხვერპლა. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი #მოამბესთან საუბარში განმარტავს, რომ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში საყურადღებო კლასტერები ჩამოყალიბდა, რაც იმის წინაპირობაა, რომ შესაძლო,ა შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს. ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მესამე ტალღისგან თავის დაცვის ერთადერთი საშუალება რეკომენდაციების მკაცრად დაცვაა. პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია ისევ მთავარ მოთხოვნად რჩება. პარალელურად, შემზღუდავ ღონისძიებებს ატარებს მთავრობა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ოთხ სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო, რისი საშუალებითაც, რეგიონში ვითარებას გააკონტროლებენ.

მოამბე