ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ბოლო 24 საათში ტესტირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. დატესტეს თითქმის 21 000 ადამიანი, საიდანაც კორონავირუსი 4 734 ადამიანს დაუდგინდა, თუმცა ბოლო პერიოდში მსგავსი მონაცემები ვლინდებოდა ორჯერ ნაკლები ტესტების ფონზეც. სწორედ გაფართოებული ტესტირების გათვალისწინებით ეპიდემიოლოგებისთვის ეს მონაცემი სტაბილიზაციის გარკვეულ ნიშნებს შეიცავს. მკაცრი შეზღუდვების პირველ ეფექტს ქვეყანაში დაახლოებით ერთ კვირაში ვარაუდობენ, თუმცა საფრთხის შემცველია 24 დეკემბრის მოახლოებაც, როცა შეზღუდვები ახალ წლამდე დროებით ისევ უნდა მოიხსნას. ამიტომ დროის ამ მონაკვეთში ხელახალი ეპიდაფეთქების თავიდან ასაცილებლად რეგულაციების მკაცრად დაცვას სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება.