ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოს რეგიონებში

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 103 შემთხვევა გამოვლინდა, 28 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი, 36 594-ს შეადგენს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კლინიკა დატოვა 14-მა პაციენტმა. მათივე ინფორმაციით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან რვის მდგომარეობა კრიტიკულია. უწყების მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 350 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 163, ონლაინკლინიკაში 436. ამასთან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით რეგიონში სულ აცრილია 2 281 პირი, მათ შორის „ფაიზერით“ 1 344, „ასტრაზენეკათი“ – 937.

გურიის სამ სოფელში კვლავაც პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოქმედებს. შრომაში, ჭყონაგორასა და ჩოჩხათში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, საჭიროების შემთხვევაში – ტესტირება. აღნიშნულ სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება. რაც შეეხება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესს, გურიაში რამდენიმე ადგილას კვლავ დისტანციურ რეჟიმში, რამდენიმე ლოკაციაზე კი ჰიბრიდულ რეჟიმში გრძელდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვა მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვისაკენ მოუწოდებს.

მოამბე

დატოვე კომენტარი