ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში

18:23, 06.01.2026

ქვეყანაში გრიპის ვირუსების აქტიური გავრცელება გრძელდება, თუმცა, მაქსიმალური მაჩვენებელი, ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა და ინფიცირების პიკი იანვრის მეორე-მესამე კვირასაა მოსალოდნელი – ამის შესახებ, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. რაც შეეხება გრიპის ვირუსის სახეობებს, უმეტეს შემთხვევაში გავრცელებულია ე.წ. ჰონგკონგის ვირუსი, ე.წ. ღორის გრიპის მაჩვენებლები კი – შედარებით დაბალია. ასევე გავრცელებულია B ტიპის ვირუსი. ივანე ჩხაიძის თქმით, სამივე ამ ვირუსის შტამი შედის ვაქცინებში, რომლებიც საქართველოში სახელმწიფოს დაფინანსებით შემოვიდა და მოსახლეობისთვის სრულიად უფასოა. მისი თქმით, ადამიანები, რომლებმაც ეს ვაქცინა გაიკეთეს, ვირუსის გართულებებისგან მაქსიმალურად დაცულები არიან.

მსგავსი