ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში

ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების კლების ტენდენცია ნარჩუნდება. გასული დღე-ღამის მანძილზე, „კოვიდ-19“-ის 1 838 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 7, 79%-ით განისაზღვრა. ისევ მაღალია გარდაცვლილთა რაოდენობა, ბოლო 24 საათში პანდემიას კიდევ 39 ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი შემთხვევიდან: თბილისში დადასტურდა 675 ფაქტი, აჭარა – 201, იმერეთი – 257, ქვემო ქართლი – 97, შიდა ქართლი – 72, გურია – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 198, კახეთი – 206, მცხეთა-მთიანეთი – 22. მძიმეა 1429 პაციენტის მდგომარეობა. მათგან 363-ს ვირუსული გართულებების გამო ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება.

მედიკოსების შეფასებით, ვირუსის მეოთხე ტალღის პიკი გადავლილია. გამოთავისუფლდა ადგილები კლინიკებშიც, საავადმყოფოებში ამჟამად 1600-მდე თავისუფალი საწოლია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ახლა აქცენტს რეგულაციების შემსუბუქებასა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე აკეთებს. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მეტი სიფრთხილისაკენ მოუწოდებს.