ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში

ოთხი ათასზე მეტი ახალი შემთხვევა და ვირუსის გავრცელების მორიგი ანტირეკორდი.  გასული დღე-ღამის მანძილზე ინფექცია 4048 მოქალაქეს დაუდასტურდა. აქედან 1602 ფაქტი თბილისში დაფიქსირდა. მაღალია გარდაცვალების მაჩვენებელიც, ბოლო 24 საათის მონაცემებით, კოვიდ 19-ს კიდევ 49 პაციენტი ემსხვერპლა. აქედან დედაქალაქში დაიღუპა 24.

რაც შეეხება გადანაწილებას რეგიონების მასშტაბით, შედარებით შემცირებულია ინფიცირება აჭარაში, თუმცა ისევ მძიმეა მდგომარეობა იმერეთში, სადაც შემთხვევათა რაოდენობამ ბოლო ერთ დღეში 700-ს გადააჭარბა. თითქმის თანაბარია ინფიცირებულთა რაოდენობა ქვემო და შიდა ქართლში, სადაც 250-მდე ფაქტი დადასტურდა. 389- სამეგრელო-ზემო სვანეთში.

მძიმე პაციენტების რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 864-ია. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით კი დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 856 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 85 639-მდე გაიზარდა.

447 ახალი ინფიცირებული ჰყავს აჭარას, რაც გუშინდელთან შედარებით თითქმის 300-ით ნაკლებია. რაც შეეხება გარდაცვალების ფაქტებს, თბილისის შემდეგ, ყველაზე მეტი პაციენტი აჭარის რეგიონის კლინიკებში დაიღუპა და ეს რაოდენობა დღეს 13-ს შეადგენს. სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას ამჟამად 1021 პირი განაგრძობს. აქედან 147-ის შემთხვევაში ვირუსი გართულებებით მიმდინარეობს და პაციენტების მდგომარეობა მძიმეა. 210 კოვიდპაციენტია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. რთული მდგომარეობა გამო, 46 რეანიმაციაშია მოთავსებული.  ექვსი კი კრიტიკულად მძიმედ არის. აჭარის რეგიონის მასშტაბით, 1100 მოქალაქე კარანტინის რეჟიმში იმყოფება. 18 088 კი თვითიზოლაციაში რჩება.

დატოვე კომენტარი