ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა 

კოვიდ-ინფიცირებულთა ნახტომისებური მატება. ქვეყანაში ბოლო 24 საათში ვირუსი 5 000-მდე ადამიანს დაუდასტურდა, რაც წინა კვირების მაჩვენებლებს ორნახევარჯერ აჭარბებს. სამშაბათს, უქმე დღეების გათვალისწინებით, ყოველთვის ინფიცირების მეტი შემთხვევა ვლინდება, თუმცა ყველა ინდიკატორი აჩვენებს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ყოველდღე უარესდება. ერთ-ერთ მიზეზად სასწავლო პროცესის განახლება და შესაბამისად, გაზრდილი მობილობა სახელდება, პრობლემაა ვაქცინაციის დაბალი ტემპიც – დღეში საშუალოდ 6 000 ადამიანი იცრება, რაც ნიშნავს, ქვეყანა ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში იმუნიზაციის გეგმას ვერ შეასრულებს. ეპიდ-ვითარების მკვეთრი დამძიმების გამო დაავადებათა კონტრლის ცენტრი სპეციალურ კვლევებსაც ატარებს იმის გასარკვევად, ხომ არ დაიწყო საქართველოში „კოვიდ-19“-ის ახალი შტამების ცირკულირებაც.