ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის ტემპები 

წლის ბოლოსთვის საქართველოში ვაქცინაციის გეგმა შესაძლოა ვერ შესრულდეს.

აცრის ტემპმა საგრძნობლად იკლო – 19 სექტემბერს დაახლოებით 7 000 ადამიანი აიცრა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში აგვისტოსთან შედარებით ვაქცინაციის მაჩვენებელი თითქმის სამჯერ არის შემცირებული. მეხუთე ტალღის სიმძიმე სწორედ აცრილ მოქალაქეთა რაოდენობაზე არის დამოკიდებული. ეპიდემიოლოგები პირდაპირ ამბობენ, რომ თუ უახლოეს პერიოდში აცრის მონაცემები არ გაუმჯობესდება და პროცესი არ დაჩქარდება, მომდევნო ეპიდ-აფეთქება შესაძლოა დაჩქარდეს და ამავე დროს, შემდეგი ტალღა კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდეს.

მეოთხე უმძიმესი ტალღის პიკის გადავლის მიუხედავად, ისევ მაღალი რჩება გარდაცვალების მაჩვენებელი. კორონავირუსმა შეიწირა ჩვილი ტყუპის სიცოცხლე, რომელთა დედა ასევე „კოვიდ-19“-ით ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.