ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის მაჩვენებელი 

უახლოეს ორ კვირაში ეპიდემიოლოგები ვითარების დასტაბილურებას პროგნოზირებენ.

ოპტიმიზმის საფუძველი ბოლო დღეებში შედარებით შემცირებული მაჩვენებლებია. ეპიდ-სიტუაციაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდის ტემპმა იკლო. ბოლო სამი დღეა, დაავადებულთა ყოველდღიური რაოდენობა 2 700-ის ფარგლებში მერყეობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი პიკური პერიოდის გაგრძელებას კიდევ 10 დღეს ვარაუდობს და მოსახლეობას მასობრივი ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ხვალ ვაქცინების მარაგები ახალი პარტიით შეივსება. საქართველოში „ფაიზერის“ 168 000 დოზა შემოვა, რომელსაც ქვეყანა უშუალოდ მწარმოებელი კომპანიისგან მიიღებს. კორონავირუსის ინდური შტამის აქტიური ცირკულირების ფონზე ბოლო პერიოდში ვაქცინაციის მაჩვენებელი გაზრდილია. დღეში საშუალოდ 15 000 მოქალაქე იცრება.