ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის ახალი გეგმა

ცნობილი ხდება იმ კვლევის შედეგები, რომელიც „ომიკრონით“ ინფიცირებულებს შორის დამძიმების და გარდაცვალების მაჩვენებლებს ეხება.

დეკემბრის ბოლოდან დღემდე, ანუ სამხრეთ აფრიკული შტამის ცირკულირების პერიოდში, „ომიკრონით“ ინფიცირებული მოქალაქეებიდან საავადმყოფოში 38-ის გადაყვანა გახდა საჭირო. ფიქსირდება გარდაცვალების სამი შემთხვევა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ახალი ანგარიში სხვა მნიშვნელოვან მონაცემებსაც მოიცავს. ვაქცინაციის დაწყებიდან, ანუ მარტიდან დეკემბრის ბოლომდე ქვეყანაში 10 532 აუცრელი ადამიანი გარდაიცვალა, აცრილებს შორის კი ცხრათვიან პერიოდში 385 ლეტალური შემთხვევაა აღრიცხული. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ მძიმეა. ახალი შტამი განსაკუთრებული სისწრაფით ვრცელდება. რეგულაციების პრაქტიკულად არარსებობის და თითქმის ყველა შეზღუდვის გაუქმების ფონზე იმუნიზაციის ახალი გეგმა მზადდება, რომლის მიხედვით ივლისში მოსახლეობის 70% უნდა იყოს აცრილი. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვაქცინაციის პირველი გეგმა წლის ბოლოსთვის ვერ შესრულდა, ახალი გეგმის შესრულებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.