ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების მოხსნის გეგმა 

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი მკვეთრად არის შემცირებული. თუ მანამდე გამოუვლენელი შემთხვევების რიცხვი ორნახევრიდან სამამდე მერყეობდა, ახლა ერთ ინფიცირებულზე საშუალოდ ერთი დაუფიქსირებელი ფაქტი მოდის. სწორედ ინფიცირებულთა რაოდენობის კლების გამო ეპიდემიოლოგებმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმაზე დაიწყეს საუბარი. ამ კვირაში გახდება ცნობილი, რა პირობებით გახსნიან პირველი თებერვლიდან სავაჭრო ობიექტებს და როდის ამოქმედდება ტრანსპორტი და სასწავლო დაწესებულებები. რაც შეეხება ვაქცინას, საქართველოში „ფაიზერის“ და „ბიოენტექის“ მიერ წარმოებული ვაქცინის პირველ ნაკადს თებერვალში ელოდებიან და ის სამედიცინო პერსონალისთვის იქნება განკუთვნილი. საუბარია პირველ ეტაპზე 10 000 ადამიანისთვის გათვალისწინებულ დოზებზე.