ეპიდ-ვითარება უმჯობესდება - ავიცრათ ერთმანეთისთვის 

10 სექტემბერს ქვეყანამ კორონავირუსთან ბრძოლაში 54 ადამიანი დაკარგა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების შესახებ. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო. პირველი სექტემბრიდან დღემდე უკვე 681 მოქალაქეა გარდაცვლილი. ლეტალური შემთხვევების კლებას ეპიდემიოლოგები უახლოეს პერიოდში პროგნოზირებენ. ინფიცირების დღიური მონაცემები კი აჩვენებს, რომ მძიმე მეოთხე ტალღის პიკი გადავლილია, ეპიდ-აფეთქების პერიოდთან შედარებით ახლა დაავადებულთა რაოდენობა თითქმის სამჯერ არის შემცირებული. დაავადებულთა სტატისტიკას გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ყოველდღე აჭარბებს, რაც ყველაზე დამაიმედებელი ნიშანია. ქვეყანაში ერთი და ორი დოზით აცრილთა ჯამური რაოდენობა მილიონნახევარს უახლოვდება, თუმცა გეგმის, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ვაქცინირებისთვის კიდევ მინიმუმ 200 000 ადამიანის აცრაა საჭირო.