აშშ ემზადება გამოიყენოს საქართველოს მიმართ მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.
ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ „მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ“. „ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობის მიზნით. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანებისთვის მიყენებული სერიოზული დაზიანებების შესახებ ცნობებით. მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზაციისთვის დაკავებული პირები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელმა თანამდებობის პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი. აშშ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს. ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში – მათ შორის, ვინც თრგუნავს საქართველოს მოქალაქეების უფლებას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე – პასუხისგებაში უნდა მიეცეს. გარდა იმისა, რომ გრძელდება ადრე გამოცხადებული ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა, აშშ ემზადება გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
განცხადებას გამოეხმაურნენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.