ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვს შეხვდება

მსოფლიო მედიის ყურადღება დღეს ჟენევისკენ არის მიმართული. შვეიცარიაში ერთმანეთს ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი შეხვდებიან. მოლაპარაკება უკრაინის საკითხზე გაიმართება. ამერიკის სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკვე შვეიცარიაში იმყოფებიან. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთის მიერ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული წინადადებები იქნება. რუსეთი ითხოვს გარანტიას, რომ ნატო აღარ გაფართოვდება და ალიანსი შეწყვეტს შეიარაღების განლაგებას რუსეთის საზღვრებთან ახლოს. აშშ არ აპირებს ფუნდამენტურ საკითხებზე მოლაპარაკებას, – არ გადაიხედება სახელმწიფოების უფლება, თავად აირჩიონ ალიანსი, თუმცა, ვაშინგტონში მზად არიან, მოკავშირეებთან შეთანხმებით, რუსეთთან სხვა საკითხებზე დიალოგი გააგრძელონ.