ენგურის ხიდი ჩაკეტილია

უკვე მესამე დღეა, ენგურის ხიდი ცალმხრივად დაკეტილია.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს. მისიის ხელმძღვანელის განმარტებით, ევროკავშირის დამკვირვებლები გადაადგილების მნიშვნელოვნად შემცირების ფაქტს ადასტურებენ. ერიკ ჰოეგის თქმით, იზღუდება გადაადგილების თავისუფლება, რაც  ადგილობრივ მცხოვრებლებს აზარალებს.

განცხადებას ავრცელებს სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელიც. ტოივო კლაარი აცხადებს, რომ ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვების გამო შეწუხებულია. „ეს ქმნის დამატებით სირთულეებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის. შეზღუდვები უნდა მოიხსნას იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ჰუმანიტარული კრიზისი. ეს იქნება მნიშვნელოვანი თემა მომდევნო კვირაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისას“, – წერს ტოივო კლაარი „ტვიტერში“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის ნაწილობრივ ჩაკეტვა განიხილება, როგორც მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვა.