ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა

საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი უკანონო და პროვოკაციული გადაწყვეტილება. დილიდან ენგურის ხიდი ჩაკეტილია. შეზღუდვები მოქმედებს ორმხრივი მიმართულებით. არაღიარებულმა ხელისუფლებამ ე.წ. პარლამენტის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ენგურის ხიდზე გადაადგილება აკრძალა.

გამონაკლისი მხოლოდ იმ ადამიანებისთვის დაიშვება, რომლებსაც ე.წ. აფხაზური პასპორტი ან ე.წ. მიწვევა აქვთ. ხიდის ჩაკეტვას უკვე შეუქმნა პრობლემა ათეულობით მოქალაქეს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა მკურნალობის მიზნით სურთ.

დე ფაქტო რეჟიმი მორიგ შეზღუდვას „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის მიერ ერთი კვირის წინ გაკეთებული განცხადებით ხსნის, აკრძალვის ვადებს კი არ აკონკრეტებს.

ოფიციალურმა თბილისმა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება დაიწყო.