„ემპათიის“ სარჩელი

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სარჩელს ევროპის საერთაშორისო სასამართლოს დღეს ცენტრი „ემპათიაც მიმართავს. სარჩელთან ერთად, სტრასბურგში გაიგზავნება ცენტრის მიერ მომზადებული 87-გვერდიანი კომპლექსურ-კომისიური დასკვნა, სადაც წერია, რომ 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში წამებით მოკლეს.

დოკუმენტის შინაარსი პირველი არხის მაყურებელმა გუშინ ექსკლუზიურად ჩვენს ეთერში ნახა. როგორც „ემპათიაში“ აცხადებენ, აღნიშნული დასკვნით დადასტურებულია, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე რუსული დასკვნა კატეგორიულად არის უარყოფილი.

ტატუნაშვილის ოჯახის ინტერესებს ცენტრ „ემპათიის“ იურისტები იცავენ. ადვოკატები საუბრობენ ევროკონვენციის მე-2, მე-3, მე-5, მე-8 და მე-13 მუხლების დარღვევებზე.