ემანუელ მაკრონის განცხადება

„ჩვენ გვაქვს საერთო გეოგრაფიული რეალობა, ევროპის კონტინენტი, კავკასიიდან ისლანდიამდე“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ შეხვედრის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, 44-ივე ქვეყანა, რომელიც ესწრებოდა პრაღაში გამართულ შეხვედრას, გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. მაკრონის განცხადებით, პრაღაში შეკრებილმა ლიდერებმა ასევე იმსჯელეს კრიზისზე, რომლის წინაშეც ევროპა დგას. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ევროპის ინფრასტრუქტურის დაცვის მნიშვნელობაზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ უკრაინის დასახმარებლად სპეციალური ფონდის შექმნაა აუცილებელი და მნიშვნელოვანია საერთო ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავება. პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა მოლდოვის პრეზიდენტმაც. მაია სანდუს თქმით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბება არის მოგზაურობა უფრო ფართო ევროპისკენ. მისივე თქმით, მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ერთობლივი მოქმედებით და სოლიდარობის გამოვლენით არის შესაძლებელი. ევროპული ახალი გაერთიანების შემდეგი სამიტი კიშინიოვში გაიმართება.